უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა მზად არის რუსეთთან მოსალაპარაკებლად, თუმცა დანებებას არ აპირებენ და არ მიიღებენ პუტინის რეჟიმის მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს.
ვირტუალურ ღონისძიებაზე საუბრისას, დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევი ღიაა მოსკოვთან დიპლომატიური დისკუსიებისთვის, თუმცა რუსეთი აყენებს მოთხოვნებს, რომლებიც მიუღებელია უკრაინისთვის.
კულებამ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების აუცილებლობაზეც ილაპარაკა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის მოთხოვნა დასავლეთის ქვეყნების მიმართ, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს უკრაინულ ძალებს, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს შემაცირებს და დაეხმარება რუსული ჯავშანტექნიკის მოგერიებაში.
კულებამ ასევე ახსენა, რომ რუსეთის იყენებს დესტრუქციულ ტაქტიკას, ისევე როგორც სირიის სამოქალაქო ომში და მოუწოდა დასავლეთს, დაეხმაროს კიევს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში.
ცნობილია, რომ კრემლი საომარი მოქმედებების შეწყვეტის სანაცვლოდ უკრაინას შემდეგ მოთხოვნებს უყენებს:
ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება;
დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა;
კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის შესახებ ჩანაწერის გაკეთება.