უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერისადმი ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკის განცხადებით, რუსეთის არმიამ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა. მისივე თქმით, რუსული ბატალიონის 31 ტაქტიკური ჯგუფი ბრძოლისთვის ქმედუუნარო გახდა.
"რუსული ჯარები დიდ დანაკარგს განიცდიან," - ამბობს ის.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მერის გატაცებასთან დაკავშირებით, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ესაუბრა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევი მუშაობს ევროკომისიასთან, რათა დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.
ზელენსკის თქმით, უკრაინა იცავს ჰუმანიტარულ დერეფნებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან და იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდებს რუსეთს.