შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესების შესახებ განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, რუსეთი ამიერიდან ვეღარ ისარგებლებს "უპირატესი კეთილდღეობის ქვეყნის სტატუსით", რაც რუსეთისთვის "ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის ჩამორთმევას" გულისხმობს.
აღნიშნული სტატუსის გარეშე, რუსეთი სავაჭრო ურთიერთობებისას ვეღარ ისარგებლებს შეღავათიანი ტარიფებით.
"ნორმალური სავაჭრო ურთიერთობების სტატუსის ჩამორთმევა" კონგრესის თანხმობას საჭიროებს, თუმცა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა მანამდე უკვე განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას.
ამავდროულად, ბაიდენის თქმით, გამკაცრდება სანქციები პუტინისა და მასთან დაკავშირებული ოლიგარქების წინააღმდეგ, რაც მათი ქონების კონფისკაციის შესაძლებლობასაც იძლევა.
ამასთან, რუსეთი ვეღარ აიღებს კრედიტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისგან.
გარდა ამისა, შეერთებული შტატები კრძალავს რუსეთიდან ალკოჰოლური სასმელებისა და ზღვის პროდუქტების, მათ შორის არყისა და ხიზილალის იმპორტს. ასევე, აკრძალვა შეეხება რუსეთიდან იმპორტირებულ ალმასს.
აშშ კრძალავს დოლარის ბანკნოტების რუსეთში ექსპორტს, რეექსპორტს, გაყიდვას ან მიწოდებას აშშ-დან რუსეთის მთავრობისთვის ან რუსეთის ნებისმიერი რეზიდენტისთვის.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთში ევროს ბანკნოტების ექსპორტი აკრძალა.