რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, დაახლოებით 16 000 მოხალისის განაცხადი მიიღეს, რომელთაც "ნებაყოფლობით სურვილი გამოთქვეს" მონაწილეობა მიიღონ „"სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" "ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში".
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მოხალისეებს, რომლებიც მზად არიან რუსეთს დაეხმარონ უკრაინაში, დახმარება სჭირდებათ საბრძოლო ზონაში მოსახვედრად.
პუტინმა დასძინა, რომ მოხალისეებს, რომელთაც სურთ რუსეთის მხდასაჭერად იბრძოლონ, უნდა მიეცეთ ამის საშუალება.
პუტინის განცხადებით, "კიევის რეჟიმის დასავლელი სპონსორები ღიად აგზავნიან დაქირავებულ მებრძოლებს უკრაინაში, საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულვებელყოფით".
რუსული სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, შოიგუმ და პუტინმა ამ საკითხებზე რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს.
ამავდროულად, შოიგუმ შესთავაზა პუტინს, საბრძოლო მოქმედებებისას ხელში ჩაგდებული ამერიკული წარმოების ტანსაკწინააღმდეგო სისტემები, როგორიცაა Javelin და Stinger, გადაეცეს ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტებს. ამ იდეას პუტინმა მხარი დაუჭირა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დასავლური მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთი უკრაინაში სირიელი მებრძოლების გამოყენებას გეგმავდა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით,ოკუპანტები იმედოვნებენ, რომ სირიელი მებრძოლები მათ კიევის აღებაში დაეხმარებიან.
წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ სირიელი მებრძოლების ერთი ნაწილი რუსეთში მზადებას უკვე გადის.
აღნიშნული ინფორმაცია The Wall Street Journal-ს ირიბად დაუდასტურეს სირიის მედიასაშაუალებებმაც. მათი ინფორმაციით, რუსეთმა მოხალისეებს უკრაინაში წასვლა და დაცვის სამსახურში მუშაობა შესთავაზა.
გამოცემის ცნობით, კონტრაქტი გათვლილია 6 თვეზე, ყოველთვიურად 200-300 დოლარის ანაზღაურებით.