რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს დაფინანსებას უმცირებს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი "ტასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ე.წ. რესპუბლიკებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება. 2022 წელს 85%-მდე, ხოლოდ 2025 წლისთვის 15%-მდე.
ვოლვაჩი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ "რესპუბლიკები" საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო დამოუკიდებელი სუბიექტები გახდნენ.
„ ახლა ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ მათ, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო დამოუკიდებელი სუბიექტები გახდნენ. ეკონომიკის თვალსაზრისით, მთელი ამ წლების განმავლობაში, რუსეთის ბიუჯეტი მხარს უჭერდა რესპუბლიკებს. ჩვენ შევეცადეთ ხელფასების გათანაბრებას და ვაგრძელებთ ამ საქმეს. გარდა ამისა, მათ გაზარდეს საკუთარი შემოსავალი და აღადგინეს ინფრასტრუქტურა“,- ამბობს ვოლვაჩი და აღნიშნავს, რომ დახმარების პირველი ეტაპი, როცა რუსეთის შეეძლო ფულის მიცემა, დასრულებულია.
„ამ დროის განმავლობაში გაიზარდა რესპუბლიკების ბიუჯეტების საკუთარი შემოსავლების წილი: აფხაზეთში - 41,5-დან 52%-მდე, სამხრეთ ოსეთში - 7-დან 18%-მდე. აბსოლუტური მაჩვენებლებით აფხაზეთის მშპ დღეს 32 მილიარდი რუბლია, ხოლო სამხრეთ ოსეთი - 6,1 მილიარდი რუბლი“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
მისვე თქმით, ის ესაუბრა „რესპუბლილკების“ ხელმძღვანელებს და უთხრა, რომ რუსეთის სუბსიედებზე დამოკიდებულება ნელ-ნელა უნდა შეამცირონ.
„ანუ, გვინდა ეტაპობრივად შევამციროთ ხელფასების გათანაბრების მხარდაჭერა. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ეკონომიკის ზრდით. ამიტომ გვინდა, რომ მათი მშპ გაიზარდოს, ბიუჯეტის უსაფრთხოება გაიზარდოს და პირიქით, შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსეთის სუბსიდიებზე. მაგალითად, რესპუბლიკებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის თვალსაზრისით რუსეთის თანადაფინანსების წილი თანდათან შემცირდება - 2022 წლის 85%-დან 2025 წლისთვის 15%-მდე“, - ამბობს ვოლვაჩი.