`ქრისტიან-დემოკრატები~ და ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი შეთანხმდნენ, რომ ონკოლოგიისა და კარდიოქირურგიის სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობაზე დაწესებული ასაკობრივი ზღვარის საკითხი გადაიხედება და ცვლილებები 2010 წლის ბიუჯეტში აისახება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარლამენტში `ქრისტიან-დემოკრატების~ და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრისას იქნა მიღებული.
2009 წლის იანვრიდან ონკოლოგიის და კარდიოქირურგიის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება შემცირდა და ასაკობრივი ბარიერი დაწესდა, რომლის თანახმად, სახელწმიფო მკურნალობის დაფინანსებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მონაწილეობს, თუ პაციენტი 60 წელს არის გადაცილებული.
ამ გადაწყვეტილებას `ქრისტიან-დემოკრატები~ `უსამართლობად~ აფასებენ და ერთ-ერთ არგუმენტად დაავადებების გაახალგაზრდავებას ასახელებენ.
როგორც დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამასთან მიმართებაში, დაწესებული ასაკობრივი ზღავარი I და II სტადიის შემთხვევებზე გაუქმდება. ამასთან, დაგეგმილია ე.წ. სკრინინგის პროგრამის დაფინანსების გაზრდაც.
რაც შეეხება კარდიოქირურგიას, ამ შემთხვევაში ასაკობრივმა ზღვარმა შესაძლოა 60-დან 50 წლამდე დაიწიოს.
საქმე ისაა, რომ `გულის ქირურგიის ასოციაციის მონაცემებით, პაციენტთა შორის 58% 60 წლამდე ასაკისაა, ხოლო 42% 60 წელსაა გადაცილებული. ონკოლოგიის ცენტრის მონაცემებით კი, შესაბამისი მაჩვენებლები 48.5% და 51.5%-ით განისაზღვრება. ამიტომ პაციენტთა დაყოფა ასაკობრივ ჯგუფებად უსამართლოა~, - აცხადებენ `ქრისტიან-დემოკრატები~.