საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ არარეალურია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან. ამის შესახებ განცხადება მაკრონმა ვერსალში გააკეთა, სადაც ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი იმართება.
"შეგვიძლია გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება? მე ასე არ ვფიქრობ", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ [ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის] ევროკავშირში გაწევრიანების კარის დახურვაც არ იქნება სამართლიანი ნაბიჯი.
ამავდროულად, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა "ძლიერი სიგნალი" უნდა გაუგზავნოს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გააკეთეს ევროპის კავშირში გაწევრიანების განაცხადი.
მანამდე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ვერ ხედავს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების შესაძლებლობას და განაცხადა, რომ ასეთი პროცედურა საერთოდ არ არსებობს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ვერსალში გამართულ არაფორმალურ სამიტზე აპირებენ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება.
იმავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ლიდერებისგან კონკრეტულ სიგნალს ელოდება.