ნიდერლანების პრემიერ მინისტრი მარკ რუტე ვერ ხედავს უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას და ამბობს, რომ ასეთი დაჩქარებული გაწევრიანების პროცედურა არ არსებობს. ამის შესახებ რუტემ საფრანგეთში, ვერსალში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
რუტეს თქმით, ნიდერლანდები იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოვიდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის წინადადებით და ერთ-ერთი პირველი, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების პაკეტს. თუმცა, რუტე ვერ ხედავს პერსპექტივას უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული შესვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
"ეჭვგარეშეა, რომ ნიდერლანდები და უკრაინა დგანან გვერდიგვერდ, მაგრამ ევროკავშირში დაჩქარებულად შესვლა არ არსებობს. ეს პროცედურა არ არსებობს", - განაცხადა ჰოლანდიის პრემიერმა.
მანამდე რუტემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ცდილობს, მოკლევადიან პერსპექტივაში გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, უკრაინის დასახამარებლად, მაგრამ ახლა ევროკავშირის წევრობაზე საუბრის დრო არ არის.
მედიის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათს ვერსალში გამართულ არაფორმალურ სამიტზე აპირებენ უკრაინის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, მაგრამ წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება.
იმავდროულად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის ლიდერებისგან კონკრეტულ სიგნალს ელოდება.