უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, 2022 წლის 10 მარტის მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
დენისოვა ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.
ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინში საჰაერო დარტყმის შედეგად დაინგრა 7 კერძო სახლი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
ხარკოვის რაიონის სოფელ ჟუკოვსკის ბაზრობის დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა.
ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონის სოფელ სლობოჟანსკეში ღამით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი კერძო სახლს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი, 5 წლის გოგონამ გადარჩენა მოახერხა.
კიევის ოლქის ქალაქ ირპინში მძიმედ დაიჭრა 10 წლის გოგონა, რომელიც ამ დროისთვის მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოში.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნატოს, დაუყოვნებლივ დახუროს უკრაინის საჰაერო სივრცე და დაეხმაროს მას რუსული ტერორიზმის შეჩერებაში.
ფოტო: AP