ფულადი გადარიცხვების საერთაშორისო სისტემა Western Union-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას დროებით აჩერებს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
"ვიზიარებთ მწუხარებას ამ ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. ჩავერთეთ ფართო დიალოგში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რუსეთსა და ბელარუსში ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით. საფუძვლიანად შევაფასეთ შედეგები ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის. საბოლოო ჯამში, უკრაინაზე რუსეთის ხანგრძლივი თავდასხმის გავლენის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელარუსში ჩვენი ოპერაციების შეჩერების შესახებ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
გასული კვირის განმავლობაში საერთაშორისო გადახდის კომპანიებმა Visa-მ და Mastercard-მა, PayPal-მა, American Express-მა და JCB-მა განაცხადეს რუსეთის ბაზარზე მუშაობის შეჩერების შესახებ.