საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაბომბვას ლაჩრულ თავდასხმა უწოდა.
„არაფერია იმაზე გამანადგურებელი, ვიდრე იმის მოსმენა, თუ როგორ ბარბაროსულად დაიბომბა გუშინ მარიუპოლის სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მკაცრად ვგმობთ ამ ლაჩრულ თავდასხმას დაუცველ, უდანაშაულო მოქალაქეებზე. ეს სამარცხვინო ხოცვა დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს. რუსული აგრესია უნდა შეწყდეს“, დაწერა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე.
გუშინ, 9 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
დასავლეთმა მკაცრად დაგმო სამშობიარო სახლზე თავდასხმა და მას ამაზრზენი ქმედება უწოდა.