ანტალიაში უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამასთან, მისივე თქმით, ლავროვმა ჰუმანიტარული კორიდორის მოწყობაზე ვალდებულება ვერ აიღო.
„სამწუხაროდ, ლავროვმა ვერ აიღო აღნიშნული ვალდებულება. ჩვენ ასევე წამოვწიეთ 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა მოგვეგვარებინა ყველაზე უფრო მწვავე ჰუმანიტარული საკითხები. ჩვენ პროგრესს ვერ მივაღწიეთ ამასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ჩანს, სხვები იღებენ გადაწყვეტილებას რუსეთში. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით ძალისხმევას. მე მზად ვიქნები, შევხვდე კვლავ მოცემულ ფორმატში, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს, დასრულდეს სამოქალაქო პირების ტანჯვა და ჩვენი ტერიტორია გათავისუფლდეს რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ გააჩერებს ომს, თუ აგრესორს ამისი სურვილი არ ექნება. "დღეს მოვისმინე, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია, თუ უკრაინა პუტინის პირობებს შეასრულებს. თუმცა, უკრაინა არ დანებდება, ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიური გზების მოძიებას და ვიდრე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება, გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაცვას რუსეთის აგრესიისგან“, - განაცხადა კულებამ.