2011 წლის გაზაფხულზე იუნესკოს შტაბ-ბინაში ტრილოგიის - "ნათელი ქრისტესი. საქართველოს" პრეზენტაცია გაიმართება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ტრილოგიის პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ნესტან კირთაძემ განუცხადა,
მისი თქმით, 14-20 ნოემბერს პარიზში ვიზიტის ფარგლებში, მან შეხვედრა გამართა იუნესკოს შტაბ-ბინაში, სადაც იუნესკოს ხელმძღვანელობასთან ერთად დაიგეგმა საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტი.
"მზადება დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულისათვის იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართება საუკუნის წიგნის, ტრილოგიის - "ნათელი ქრისტესი. საქართველოს" პრეზენტაცია, რომელსაც მსოფლიოს ორასამდე სახელმწიფოს სრულუფლებიანი ელჩი და საფრანგეთისა და საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ.
მისივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მიწვეული იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი, ილია II.
აღსანიშნავია, რომ საუკუნის წიგნი "ნათელი ქრისტესი. საქართველო" გადაეცა სორბონას უნივერსიტეტის პრეზიდენტს და ამიერიდან ქართული უნიკალური წიგნი მსოფლიოს ამ უძველესი უნივერსიტეტის რარიტეტული გამოცემების ექსპოზიციაშიც დაიდებს ბინას.