2022 წლის 9 მარტს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა შვედ კოლეგასთან - ან ლინდესთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განხილულ იქნა უკრაინაში რუსეთის აგრესია, ევროპის უსაფრთხოებასთან და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული საკითხები.
"საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ჩართულობა საერთაშორისო ძალისხმევაში. აღინიშნა საქართველოსა და შვედეთის მთავრობების მიერ გაწეული საქმიანობა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის კუთხით.
შვედურმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინისადმი გამოხატული თანადგომისადმი.
მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ამ ფონზე ხაზი გაესვა რეგიონში ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მეტი ჩართულობის აუცილებლობას.
დავით ზალკალიანმა ისაუბრა საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკავშირში წევრობაზე და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირთან შეუქცევად ინტეგრაციას, უკვე მიღწეულ პროგრესს ამ გზაზე და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და თანმიმდევრულად განხორციელებას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.