საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ჯინ შაჰინთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს მისი მრავალწლიანი, აქტიური ჩართულობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის პრიორიტეტულ ყველა საკითხზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„საუბრისას მხარეებმა განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია, ამ ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რთული ვითარება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზე. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის ზეგავლენა როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღინიშნა ამ კონტექსტში უარყოფითი გავლენების თავიდან აცილების მიზნით აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატგიული პარტნიორის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობა.
საუბრისას ხაზი გაესვა აშშ- საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობისა და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის კონტექსტში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.