იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის და ბელარუსის წინააღდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.
ტოკიოს გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირთა სიას კრემლის მაღალჩინოსნები და პუტინთან დაახლობული კომპანიები დაემატნენ.
ამასთან, სასანქციო პოლიტიკის თანახმად, იაპონიამ აკრძალა ნავთობგადამამუშავებელი ტექნიკის რუსეთში ექსპორტი.
სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები დიმიტრი კოზაკი და სერგეი კირიენკო, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რუსი ოლიგარქები ალიშერ უსმანოვი, გენადი ტიმჩენკო, არკადი და ბორის როტენბერგები.
სანქციების სიას ასევე დაემატა "ინტერნეტის კვლევის სააგენტოს" საფარქვეშ მოქმედი "ტროლების ქარხანა" და სამხედრო კომპანია "ვაგნერი".
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომები მიღებულ იქნა "უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რათა შენარჩუნდეს საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება და იაპონიიამ თავისი წვლილი შეიტანოს ამ მიზნით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევაში".
მანამდე იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
სანქციები ასევე დაუწესდა რუსეთის 49 უწყებას, ბანკსა და კომპანიას, მათ შორის, რუსეთის ცენტრალურ ბანკს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ), რუსეთის სამხედრო დაზვერვას (ГРУ).
სანქციები მოიცავს ფიზიკური პირების და ბანკების აქტივების გაყინვას, "ზოგადი საქონლის ექსპორტის აკრძალვას, რომელიც ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას".