ხვალ, 25 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმში, პიაცას მოედანზე, მსოფლიოში ცნობილი ტენორი პლასიდო დომინგო იმღერებს.
ბათუმი ამ გრანდიოზული ღონისძიებისთვის გულდასმით მოემზადა.
მაესტრო პლასიდო დომინგო ბათუმში მაყურებლის წინაშე 14 საოპერო არიას სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებიდან შეასრულებს.
ბათუმი მაესტროსთან ერთად 25 ნოემბერს 2000 სტუმარს უმასპინძლებს.
პლასიდო დომინგოს კონცერტზე დასასწრებად სპეციალური პაკეტები შემუშავდა. კონცერტზე დასასწრები ბილეთის გარდა პაკეტის მთლიან ღირებულებაში შედის ასევე 35-40 %-იანი ფასდაკლება აჭარის სასტუმროებში:. ("ბათუმი შერატონი", "ინტურისტი", "სანაპირტო", "მარინა", "ერა", "ჩაო", "ისტამბული", "ნეპტუნი" და "კამეო"). პაკეტში შედის ასევე 15 %-იანი ფასდაკლება რესტორნებში, კლუბებში უფასოდ შესვლა და უფასო ტური ბათუმში.
პლასიდო დომინგო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიბადა. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდა, სადაც მან ეროვნული კონსერვატორია დაამთავრა. მისი დებიუტი სცენაზე 1959 წელს გვადალახარაში შედგა. დომინგო ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა წარმატებულ საოპერო დადგმებში. პირველი, მთავარი როლი - ალფრედო, მან "ტრავიატაში" შეასრულა, რომელიც მონტერეის თეატრში დაიდგა.
1962-65 წლებში დომინგო ისრაელის ეროვნული ოპერას სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც 12 პარტია შეასრულა და მონაწილეობა მიიღო 280 დადგმაში.
შემდგომ ის მოღვაწეობდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრებში.
განსაკუთრებული პოპულარულობა მას ლუჩიანო პავაროტისთან და ხოსე კარესათან გამართულმა ერთობლივმა კონცერტებმა მოუტანა. პირველი ასეთი კონცერტი 1990 წლის 7 ივლისს რომში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისას გაიმართა.
დომინგო არის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერი, ასევე მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების მრავალი ორდენი და ტიტული.
2009 წელს დომინგო გახდა ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატი.
თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში პლასიდო დომინგის ვარსკვლავი გაიხსნა.