რომის პაპი ფრანცისკე დაუპირისპირდა კრემლის ოფიციალურ ნარატივს, რომ რუსეთი უკრაინაში "სპციალურ სამხედრო ოპერაციას" აწარმოებს.
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მრევლისადმი მიმართვისას, რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ომია და არა სამხედრო ოპერაცია.
"უკრაინაში სისხლისა და ცრემლის მდინარეები მოედინება. ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, ეს არის ომი, რომელიც იწვევს სიკვდილს, ნგრევას და უბედურებას", - თქვა რომის პაპმა.
კრემლის ოფიციალური ნარატივი უკრაინაში შეჭრას არა ომს, არამედ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ამ ნარატივის არგაზიარების გამო, კრემლმა ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთს ტერიტორიაზე არაერთი დამოუკიდებელი მედიაგამოცემის წვდომა დაბლოკა.
მანამდე, რუსეთს დუმამ საჩქაროდ მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს პირთა დასჯას, ვინც შეგნებულად გაავრცელებს "დამახინჯებულ ინფორმაციას" უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციის" თაობაზე.