ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, საგამოძიებო პორტალ Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი აცხადებს, რომ რუსეთის არმიას თითქმის აღარ დარჩა რესურსები უკრაინაში ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ მან "უკრაინა 24"-ის ეთერში ისაუბრა.
"რუსეთის არმიის მოქმედებებიდან და შეტევის შენელებიდან გამომდინარე, ასევე წყაროების ინფორმაციით, შესაძლებელია ითქვას, რომ მათ რეზერვები თუ ჯერ არ ამოეწურათ, კვირისთვის მაინც ამოეწურებათ", - განმარტა მან.
გროზევის აზრით, რუსეთის არმიამ საცხოვრებელი სახლების მეთოდური დაბომბვა იმის გამო დაიწყო, რომ უკრაინა პირველივე რამდენიმე დღეში არ დანებდა.
"საწყისი სტარტეგია იყო, ბლიცკრიგი: კიევისა და სხვა ქალაქების აღება მაქსიმუმ პირველივე ორ-სამ დღეში. და ეს, როგორც ჩანს, კრემლის დაპირება იყო... ახლა ჩვენ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ გამოვიდა ბლიცკრიგი მინიმალური დანაკარგებით, მათ გადაწყვიტეს, რომ მათთვის რეპუტაციული ფასი მნიშვნელოვანი არ არის", - აღნიშნა გროზევმა.
გროზევის თქმით, რუსეთის აგრესიის დროს სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მტკიცებულებების პირველად მასალებს Bellingcat-ი 16 მარტს, აშშ-ის კონგრესს წარუდგენს.
Bellingcat-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მომავალ კვირას რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება, "ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს", - თქვა მან.
გარდა ამისა, მისი მონაცემებით, 30-პროცენტიანი ალბათობით, ნატო-მ, შესაძლოა, უკრაინის ცა დახუროს. "არსებობს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ნაწილის ნება. ახლა ისინი ამ საკითხზე მუშაობენ", - განაცხადა გროზევმა.