უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ხანძრის შემდეგ რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის.
ინსპექციის განცხადებით, შენარჩუნებულია სადგურის მთლიანობა.
იუწყებიან, რომ ამ დროისთვის ატომურ ელექტროსადგურს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.
სადგურზე გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო.
"ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია. ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
გვიან ღამით, მსოფლიო შეძრა გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია. ის ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს.
ზაპოროჟიეს სადგურზე გაჩენილი ხანძრის თაობაზე პირველმა ქალაქ ენერგოდარის მერმა დმიტრი ორლოვმა განაცხადა.
"საფრთხე მსოფლიო უსაფრთხოებისთვის!!! მტრის მიერ დამიზნებით გახსნილი ცეცხლის შედეგად იწვის ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობა და ბლოკები“, - განაცხადა ორლოვმა.
ხანძრის ამსახველი კადრები გაავრცელა და მსოფლიოს ბირთვული კატასტროფის საფრთხის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმაც აცნობა.
"ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშაა! მთელს ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის გამეორება. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ!",- წერდა მიხაილ პოდოლიაკი.
ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას ბირთვული ტერორიზმი უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.