საფრანგეთის ხელისუფლებამ, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო, ევროკავშირის სანქციათა ფარგლებში, რუსეთის სახელწიფო ენერგეტიკური კომპანიის "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორის, იგორ სეჩინის კუთვნილი მდიდრული იახტა დააკავა.
საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საბაჟო აგენტებმა გემი ღამით დააკავეს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ იგორ სეჩინი გემის მფლობელი კომპანიის აქციების საკონტროლო პაკეტის განმკარგველია.
როგორც იუწყებიან, ფეშენებელური იახტა სარემონტო სამუშაოებისთვის მარსელის პორტში იანვარში შევიდა.

საბაჟო აგენტების ცნობით, იახტა იღებდა სასწრაფო ზომებს, რათა პორტი, სარემონტო სამუშაოების დასრულების გარეშე, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. თუმცა, იახტა ვერ გაექცა ევროკავშირის სანქციებს.
88-მეტრიანი იახტა Amore Vero მარსელში 3 იანვარს შევიდა და 1-ელ აპრილამდე უნდა დარჩენილიყო.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ, ევროკავშირის სანქციათა ფარგლებში, რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის იახტა დააკავა.