ჩვენთვის უკრაინა არის არა მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე ან დავით არახამია, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი, რომელიც იმსახურებს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოზიცია უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ურყევი.
„როგორც გუშინაც განვაცხადეთ, აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომელსაც, როგორც ყველასთვის ცნობილია, მრავლად ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. დავით არახამია, პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თავადაც აღნიშნა, მისი „დაფრთიანებულია“. უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი და სხვა ქართველი კრიმინალები. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ფორმალურ ხელმძღვანელად. ასეთ პირობებში, მათ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, ბუნებრივია, მარტივად შეუძლიათ.
სამწუხაროა, რომ ამგვარი ქმედებებით ეს ადამიანები დამატებით პრობლემებს უქმნიან ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ უკრაინას და მის ხელისუფლებას“, - თქვა კობახიძემ.