რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, - აცხადებს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. სუბარის თქმით, ევროპული არჩევანი და ევროპასთან ყოფნა არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი არჩევანი, ეს არ არის რომელიმე ეპოქის ან პოლიტიკური გუნდის განწყობა.
"ევროკავშირში გაწევრიანება არის უახლოესი დროის მთავარი ამოცანა, რომელიც ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაშიც და რომელსაც სხვათა შორის, არც ერთმა ოპოზიციურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. იმედია, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. თუ დოკუმენტის შინაარსსა და სულისკვეთებაზე ვთანხმდებით, დანარჩენ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავარი სამუშაოა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია ცალმხრივად არ ხდება. ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი, თუ არ იქნება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანხმობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.