იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მყოფი ახალგაზრდების პარლამენტში შესვლის შესახებ გაჟღერებულ მოწოდებებსა და პოლიციელების მიმართ მუქარას გამოეხმაურა.
რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწოდებები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ემსახურება.
"ეს ხალხი დღეს ცდილობს, საქართველოს და უკრაინას შორის დაძაბოს ურთიერთობები, მაშინ, როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე ცდილობს, ყველა შესაძლო რესურსის ფარგლებში აღმოუჩინოს სრული მხარდაჭერა. ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და ცდილობს, საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს ეს ვითარება, გამოიწვიოს ქვეყანაში არეულობა და მოიპოვოს ამით ხელისუფლება. მათთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზით მოიპოვებენ ხელისუფლებას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული არეულობის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.
"ვის აწყობს დღეს არეულობა საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივია, არ იქნება დაშვებული არავითარ შემთხვევაში და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაუშვას საქართველოში ხელმეორედ ომი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში.