თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კვირას განაცხადა, რომ თურქეთის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა ომია.
"ეს კონფლიქტია თუ ომი? ჩვენ შევაფასეთ ეს. მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლი ძალიან ნათელია. ეს არის ომი", - თქვა ჩავუშოღლუმ CNN Turk-თან ინტერვიუში.
საგულისხმოა, რომ თურქეთი აქამდე თავს იკავებდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ომი ეწოდებინა. ჩავუშოღლუს ეს განცხადება მნიშვნელოვანია 1936 წლის მონტრეს კონვენციის კონტექსტში, რომელიც არეგულირებს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გასასვლელების საკითხს.
მონტრეს კონვენცია თურქეთს გარკვეულ კონტროლს ანიჭებს დარდანელისა და ბოსფორის სრუტიდან სამხედრო გემების გავლაზე, რომლებიც აკავშირებენ ეგეოსის, მარმარილოსა და შავ ზღვას.
მშვიდობის დროს სამხედრო გემებს შეუძლიათ გაიარონ სრუტეები წინასწარი დიპლომატიური შეტყობინებით, გარკვეული შეზღუდვებით გემებისა და იარაღის ოდენობაზე, იმისდა მიხედვით, გემი ეკუთვნის თუ არა შავი ზღვის ქვეყანას.
საომარ ვითარებაში, როდესაც თურქეთი არ არის ომის მხარე, სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ სრუტის გავლა, გარდა იმ ხომალდებისა, რომლებიც ომში ჩართულ მხარეებს ეკუთვნიან.
კონვენციის თანახმად, თუ თურქეთი ომის მხარეა ან თავს ომის გარდაუვალი საშიშროების საფრთხის წინაშე თვლის, მას შეუძლია ჩაკეტოს სრუტე სამხედრო გემებისთვის, მიუხედავად იმისა, ეკუთვნიან თუ არა ისინი შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ან არმქონე ქვეყნებს.
თუმცა, როგორც ჩავუშოღლუ ამბობს, მონტრეს კონვენციის მე-19 მუხლი გამონაკლისებს აწესებს. ომში ჩართული ქვეყნების სამხედრო ხომალდებს შეუძლიათ სრუტის გავლა, თუ ისინი შავ ზღვაზე არსებულ მუდმივი განთავსების ბაზაზე ბრუნდებიან.
შეგახსენებთ, უკრაინამ თურქეთის ხელისუფლებას რუსული სამხედრო ხომალდებისთვის სრუტეების დახურვის თხოვნით მიმართა. ამ დრომდე, უცნობია, მიიღებს თუ არა ანკარა სრუტეების დახურვის გადაწყვეტილებას.