უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის SWIFT-იდან გათიშვის სამზადისი დაწყებულია. ამის შესახებ კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა.
კულებას განცხადებით, უკრაინული დიპლომატიის ეს გამარჯვება უკრაინის ყველა დამცველს ეძღვნება.
"ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების ტექნიკური მომზადება და ამ სანქციის განხორციელება უკვე დაწყებულია.
ამ მიზნის მისაღწევად უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა იმუშავა - უკრაინის პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე.
მადლობა ასევე ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით უკრაინულ დიასპორას, რომელიც ახორციელებს ზეწოლას სხვადასხვა მთავრობაზე, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას", - წერს კულება.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ბოლო ქვეყანა, გერმანია, რომელიც ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდა ამ სანქციის ამოქმედებას, დათანხმდა რუსეთს SWIFT-იდან გარიცხვას.