საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას, წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარიას განმარტებით, ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში.
"უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის! ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!", - წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ [უკრაინაში შეჭრის გამო] დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ ვერ უკრაინაში ჩავა სოლიდარობის გამოსახატად, რადგან "საჰაერო სივრცე დაკეტილია".
ამავდროულად, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოს მზად არის უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს.
ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თხოვნით 24 თებერვალს მიმართა. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სხდომის დანიშვნის თაობაზე.
"ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ არ მიიღებდა სხდომაში მონაწილეობას იმის გამო, რომ ოპოზიცია უკრაინის საკითხს შიდაპარტიული დღის წესრიგისთვის იყენებს.
ფოტო: RFE/RL