კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მზადაა, უკრაინის ხელმძღვანელობასთან აწარმოოს მოლაპარაკებები ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსსა და მის ტერიტორიაზე იარაღის განუთავსებლობის თაობაზე.
"პრეზიდენტმა პუტინმა ჩამოაყალიბა თავისი ხედვა, თუ რას ველოდებით უკრაინისგან კონცეპტუალური პრობლემების გადაჭრის კუთხით. ეს ნეიტრალური სტატუსია და შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმა. მთავარი კითხვაა, არის თუ არა მზად უკრაინის ხელმძღვანელობა ამისთვის", - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას.
პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას, თუმცა უკრაინელი ხალხის "თვითგამორკვევის" უფლებას უჭერს მხარს. "არავისთვის არაფრის ძალით მოხვევას არ ვაპირებთ", - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი ისწრაფვის უკრაინის დემილიტარიზაციისკენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.