ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენას უმასპინძლებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ოსტატების ნამუშევრები, რომლებმაც წელს, ხალხური რეწვის ტექნოლოგიები "ქართული რეწვის საზაფხულო სკოლებში" ისწავლეს. გამოფნა 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პროექტი, ,,ფოლკლორის მხარდაჭერის ეროვნული საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. მისი მიზანი ხალხური რეწვის პოპულარიზაცია, ახალი პროფესიული კადრების მომზადება და მათი დასაქმებისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობაა.
ექვს საზაფხულო სკოლაში სწავლება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტში 60-ზე მეტი ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებიც ქართული რეწვის დარგებს, ადგილობრივი ტრადიციებიდან გამომდინარე სხვადასხვა რაიონში, გამოცდილ ოსტატებთან ეუფლებოდნენ: მესტიის რაიონში - ხეზე კვეთისა და სვანური ქუდების დამზადების ხელოვნება შეისწავლეს, მცხეთისა და საჩხერის რაიონში - თექის დამზადება, ახალციხის რაიონში - მესხური ხალიჩების ქსოვა, ხოლო წეროვანის დასახლებაში სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდები ხეზე კვეთაში დახელოვდნენ. პროექტი შესრულდა შ.პ.ს ,,ქართული თექის" დახმარებით.
გამოფენა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ხვალ, 24 ნოემბერს, 13 საათზე, გაიმართება. (მის: აღმაშენებლის გამზირი #68).