მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, რათა კიდევ ერთხელ ემსჯელათ უკრაინის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ "დადგმული ინციდენტები" შესაძლოა კრემლმა უკრაინაში სამხედრო ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.
"რუსეთმა უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებზე შეკავებისა და დეესკალაციის მიზნით", - ნათქვამია დოკუმენტში.
მინისტრები აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის რაოდენობის ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
"ვგმობთ მძიმე შეიარაღების გამოყენებას და მშვიდობიანი ტერიტორიების განურჩევლად დაბომბვას, რაც მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა. ვგმობთ ასევე იმას, რომ რუსეთი აგრძელებს რუსეთის პასპორტების დარიგებას კიევის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. ეს აშკარად ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.
"დიდი შვიდეული" მტკიცედ უჭერს მხარს ეუთოს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, რომლის მონიტორების მთავარ მისიას ასრულებენ დეესკალაციის მცდელობისთვის.
"ამ მისიას სრულად უნდა მიეცეს საშუალება, შეუფერხებლად შეასრულოს თავისი მანდატი აღმოსავლეთ უკრაინაში, საქმიანობისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გარეშე", - აღნიშნავენ მინისტრები.
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები მოელიან, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალებს შეამცირებს და აღნიშნავენ, რომ ამის არანაირი მტკიცებულება ჯერჯერობით არ უნახავთ.
საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას კრიზისის მშვიდობიანი და დიპლომატიური გადაწყვეტის მიმართ და მოუწოდებენ მოსკოვს, დაიწყოს კონსულტაციები აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში.
"დიდი შვიდეულის" ქვეყნები კიდევ ერთხელ უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"დიდი შვიდეულის" შემადგენლობაში შედიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, კანადა, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.