ალიანსი არსებობს ენმ-სა და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია, აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მათ თავადვე დაადასტურეს ოფიციალური კოალიცია, ეს ალიანსი მათ გააფორმეს კოალიციად ოთხ მუნიციპალიტეტში.
"თუმცა არის დეტალები, რომლებიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომლებიც წარმოიშვა ბევრად ადრე, ვიდრე გახარია გავიდოდა ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან. ძალიან ბევრი ნიუანსი, დეტალი შეიძლება, იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის, ამ თანამშრომლობის დეტალებზე გვაქვს საუბარი, რასაც მოგვიანებით ვაცნობებთ საზოგადოებას. შეიძლება, ეს იყოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, შეიძლება, იყოს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ნაკარნახევი იყო ამ ალიანსით და ა.შ. მაგალითად, გახსოვთ, ძალიან საეჭვოდ იყო ჩატარებული სპეცოპერაციები პანკისში და 20 ივნისს, შეიძლება, ამის უკანაც იდგეს „ნაცმოძრაობის კვალი“.
ზუსტად ერთი წლის წინ გამოვიარეთ 18 თებერვალი. გახსოვთ, გიორგი გახარიას გადადგომა და სიხარული „ნაცმოძრაობის“ ოფისში, თუმცა ისიც გახსოვთ, რომ ეს სიხარული ძალიან მალე შეიცვალა განსხვავებული ემოციებით, როდესაც ჩვენ დავასახელეთ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. ჩვენ იმავე დღეს განვაცხადეთ, რომ როგორც კი მთავრობა დამტკიცდებოდა, მაშინვე აღსრულდებოდა კანონი. ჩვენ ვაჩვენეთ პრინციპულობა, პირველ რიგში, კანონის მიმართ და სწორედ ამ პრინციპულობითა და გუნდის ერთიანობით მოვახერხეთ ამ ძალიან სერიოზული პრობლემის დაძლევა, რაც მათ შორის უკავშირდებოდა ღალატს ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. გუნდის ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ და კიდევ უფრო ძლიერი გამოვედით ამ ურთულესი პროცესებიდან.
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რას ემსახურებოდა მისი კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე. ბუნებრივია, ყოფილი პრემიერები არ იბრძვიან ბრინჯაოს მედლისთვის, გარანტირებული მესამე ადგილისთვის. მან წინასწარ იცოდა, რომ ორნიშნა შედეგსაც ვერ მიიღებდა თბილისში, თუმცა ერთ-ერთი მიზნით დააყენა მაშინ საკუთარი კანდიდატურა, მიზანი იყო ნიკანორ მელიას როგორმე გადაყვანა მეორე ტურში და ეს სამწუხაროდ, მოახერხა, თუმცა მან ვერ მოახერხა მთავარი დავალების შესრულება, რაც ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოეცილებინა 43% ნიშნულზე ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს და შესაბამისად, ჩვენ გამოვედით ამ პროცესებიდან კიდევ უფრო ძლიერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფოტო: AFP