საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ნახევარი მილიარდი ლარის რესურსი არსებობს, რომლის გამოყენება პენსიების გასაზრდელად შეიძლება.
ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, 2010 წლის ცენტრალურ ბიუჯეტში 130 მილიონი ლარი გამგებლებისათვის გაზრდილ ტრანსფერებზეა გათვალისწინებული, რეალურად კი მის გამოყენებას არჩევნებისათვის გეგმავენ.
დეპუტატი ურჩევს ხელისუფლებას, არჩევნებზე უფრო ეფექტური შედეგის მისაღწევად, ეს თანხა 1 იანვრიდან პენსიების 25 ლარით გაზრდას მოახმაროს.
ბაღათურიამ საკუთარი ინიციატივა პენსიების სამ ეტაპად 150 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით გასულ დღეებში პარლამენტის სესიაზე უკვე დააყენა. მისი თქმით, 75 ლარიანი პენსია 1 იანვრიდან 25 ლარით უნდა გაიზარდოს, შემდეგ კი ორჯერ ეტაპობრივად 25-25 ლარით და წლის ბოლომდე, საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს. ბაღათურია კოლეგებს შესაბამისი 550 მილიონი ლარის ბიუჯეტში მოძიებას შეპირდა.
დეპუტატის გათვლით პირველი ეტაპისათვის საჭირო 165 მილიონიდან 130 მან უკვე იპოვა.