საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმიანება რუსეთი სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლითაც რუსი დეპუტატები პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებენ, აღიაროს დონბასის სეპარატისტული რეგიონები.
ზალკალიანის თქმით, შემაშფოთებელია დუმის ეს გადაწყვეტილება და საქართველო გმობს ამ ქმედებას.
"შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკის და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას", - განაცხადა ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი", - თქვა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო დგას მნიშნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წელს რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში.
შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსმა კანონმდებლებმა მოუწოდეს პუტინს, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ამავდროულად, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რითაც მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ცნონ სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.
დასავლეთმა მკაცრად დაგმო რუსეთის დუმის რეზოლუცია და მოუწოდა პუტინს, არ გაითვალისწინოს დეპუტატების მოთხოვნა.