უკრაინის უმაღლესი რადა მიმართავს გაეროს, ევროკომისიას, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებს, სახელმწიფოთა მთავრობებს და პარლამენტებს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა.
შესაბამის დადგენილების პროექტს უმაღლესი რადას 326-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დადგენილებაში დაგმობილია რუსეთის ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ.
ამავდროულად, უმაღლესი რადა მიმართავს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებიდან, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეწყვიტოს სამხედრო წვრთნები უკრაინის საზღვრების სიახლოვეს და მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობისთვის.
ამასთან, უმაღლესი რადა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას.
უკრაინელი დეპუტატები სთხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მთავრობებსა და პარლამენტებს სანქციების მეშვეობით გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, როგორც აგრესორი სახელმწიფოს შეკავებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ელემენტი.
უმაღლესი რადას წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაადასტურონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.