საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, არ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები. ამის შესახებ ნათქვამია ელისეის სასახლის შეტყობინებაში.
"ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციაზე ყურადღებით თვალყურის მიდევნებას და მოვუწოდებთ პუტინს, არ გაითვალისწინოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მოთხოვნა", - ციტირებს ტელეარხი CNN-ი ელისეის სასახლის წარმომადგენლის სიტყვებს.
ცოტა ხნით ადრე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კრემლში გამართულ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება კატასტროფა იქნება.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსმა კანონმდებლებმა მოუწოდეს პუტინს, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ამავდროულად, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რითაც მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ცნონ სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.