კრემლში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ოლაფ შოლცმა რუსეთის დეესკალაციისკენ მოუწოდა. მან ასევე ისაუბრა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და ნატოს შემდგომ გაფართოებაზე.
შოლცის განცხადებით, ყველა ევროპელისთვის ნათელია, რომ დაუშვებელია, ევროპის უსაფრთხოება აშენდეს რუსეთის წინააღმდეგ, არამედ ის უნდა აშენდეს რუსეთთან ერთად. ამავდროულად, შოლცმა იმედი გამოთქვა, ევროპა სამხედრო ესკალაციის მოწმე არ გახდება.
შოლცმა განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მოთხოვნილი "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ დასავლეთის და რუსეთის პოზიციები განსხვავებულია.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ნატოს გაფართოება არ განიხილება და არც უახლოეს მომავალში დგას დღის წესრიგში. ამასთან, კანცლერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სანამ ის და პუტინი თანამდებობაზე იქნებიან, ნატოს გაფართოება არ დადგება დღის წესრიგში.
"ნატო-ს გაფართოება არ იგეგმება, არ განიხილება, არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ არ მოგვიწევს ამ თემასთან შეხება, სანამ თითოეული ჩვენგანი თავის პოსტზეა. არ ვიცი, პრეზიდენტი პუტინი რამდენ ხანს დარჩება თავის თანამდებობაზე. ვფიქრობ, შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს, მაგრამ არა სამუდამოდ. ჩვენ ამით არ დავკავდებით", - განაცხადა შოლცმა.