საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს, პარლამენტის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის სამი საკითხი ერთმანეთისგან გამიჯნონ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება.
„მსურს ჩვენი კოლეგების მანდატის მოხსნასთან დაკავშირებით გამოვთქვა აზრი - სამ ჩვენს კოლეგას მანდატი უნდა მოეხსნას, სამივე სიტუაცია განსხვავებულია. ელენე ხოშტარიამ თვითონ თქვა, რომ მას არ უნდა პარლამეტში მუშაობა და, შესაბამისად, აქ ყველაფერი გარკვეულია.
ბატონ შალვა ნათელაშვილს რაც შეეხება, მე მგონია, რომ ჩვენი, პარლამენტის წევრების გასარჩევი არ არის როგორი იქნება დეპუტატი - კარგია თუ ცუდი. ბატონი შალვა ნათელაშვილი, რაც თავი მახსოვს, სულ ასეთია, მაგრამ ქართველი ხალხი მას საქართველოს პარლამენტში რაღაც მიზნით უშვებს. მე, ვისაც შალვა ნათელაშვილი არ შემომიყვანია პარლამენტში, საკუთარ თავს მისი გაშვების უფლებას ვერ მივცემ. თუმცა, მესმის თქვენი არგუმენტიც, პარლამენტის თავმჯდომარევ, რაც ბიუროზე თქვით, რომ 70 სხდომიდან 70 გაცდენილი აქვს.
მესამე შემთხვევა - ბადრი ჯაფარიძის შემთხვევა ფუნდამენტურად განსხვავდება ამ ორი შემთხვევისგან. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ბატონი ბადრი პარლამენტის აქტიური წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე დღემდე არ მესმის „ლელოს" ფილოსოფია - რა უნდა, საით ისწრაფვის, ეს არ მიშლის ხელს, გითხრათ, რომ რაც არ უნდა პირადი დამოკიდებულება მქონდეს, ბადრი ჯაფარიძის მანდატის მოხსნის საკითხი არის ერთადერთი მორალური საკითხი ამ პარლამენტში, ამ წუთას. მორალური იმ თვალსაზრისით, რომ ყველა დეპუტატს, ვინც ამ საკითხს მხარს დაუჭერს, მომავალში, რაღაც თვალსაზრისით ამის გადააზრება მოუწევს და ჩემი აზრით, არ იქნება ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი გადაწყვეტილებით. ამიტომ, მოგიწოდებთ და რჩევასაც მოგცემთ, თუ ამას ვინმე გაიზიარებს, რომ გამიჯნონ ეს სამი საკითხი ერთმანეთისგან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი" ლიდერმა ოპოზიციასაც მიმართა და გარკვეული იდეის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„ხელისუფლება იქცევა ისე, რომ ის ძალიან გათამამებულია იმით, რომ ოპოზიციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ზოგადად, ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა. 60-ზე მეტი დეპუტატი ოპოზიციას არასდროს არ ყოლია პარლამენტში, მაგრამ ოპოზიციის შეცდომების გამო მოხდა ისე, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი პრობლემაა. ოპოზიციისთვის ხელისუფლებას არ გაუტეხია სახელი იმდენად, რამდენადაც ოპოზიციამ თვითონ გააკეთა ეს საკუთარი მედიასაშუალებების თუ პოლიტიკოსების მეშვეობით, ერთმანეთის ლანძღვით. იქნებ აწი მაინც შევძლოთ, რომ ამ პირობებში ერთმანეთს ვუთხრათ რა გვინდა, რომ იდეით ვიყოთ შეიარაღებული უსამართლობის წინააღმდეგ", - მიმართა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას.