"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც რუსეთს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მასშტაბური ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებენ.
"რუსეთის სამხედრო ძალების დაგროვება უკრაინის საზღვრებთან სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ, დიდი შვიდეულის ფინანსთა მინისტრები, ხაზს ვუსვამთ მზადყოფნას უკრაინის ეკონომიკის უსწრაფესი და გადამწყვეტი მხარდაჭერის გაწევის თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 14 თებერვალს გავრცელდა.
"რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, დაუყოვნებლივი, კოორდინირებული და მკაცრი საპასუხო რეაქცია მოჰყვევა. ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ერთობლივი დაწესებისთვის, რასაც ფართომასშტაბიანი და უსწრაფესი შედეგები ექნება რუსეთის ეკონომიკაზე", - აღნიშნავენ ფინანსთა მინისტრები.
"დიდი შვიდეული" აერთიანებს შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, კანადას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და იაპონიას. 2022 წლის პირველი იანვრიდან "დიდი შვიდეულის" თავმჯდომარეობა გერმანიამ ბრიტანეთისგან გადაიბარა.
ბოლო თვეებია, დასავლეთი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სახმედრო ძალების კონცენტრაციით შეშფოთებულია და მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის საფრთხეზე საუბრობს. 2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე განათავსა.
კრემლი უარყოფს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ზრახვებს. დასავლეთი მოსკოვს დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. წინააღდეგ შემთხვევაში მასშტაბური სანქციებით ემუქრება. საპასუხოდ, კრემლი დასავლეთს უკრაინის შეიარაღებასა და ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს.