"რუსეთ-ნატოს შორის უთანხმოების მთავარ საკითხად კვლავ საქართველო რჩება", - განცხადება ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ევროპარლამენტის ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
ნატო-ს გენმდივნის თქმით, დეკემბერში მისი მოსკოვში ვიზიტისას კიდევ ერთხელ მოსთხოვს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
"ჩვენსა და რუსეთს შორის კვლავ რჩება სადაო საკითხები, უთანხმოებები, მაგალითად საქართველო. თუმცა, ამ დავამ არ უნდა გადაფაროს ის ფაქტი, რომ ჩვენ იმავე საფრთხეებს უსაფრთხოების ბევრ სფეროში ვაწყდებით", - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, მოსკოვში იმისთვის ჩადის, რათა დაარწმუნოს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ ნატო არ არის რუსეთის მტერი.
"ნატო არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. პირიქით, ჩვენ რიგ სფეროებში საერთო ინტერესები გაგვაჩნია", - აცხადებს რასმუსენი.