ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს, - აცხადებს "ამერიკის ხმასთან" საუბარში ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაური, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი.
მისი განცხადებით, მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ.
"არ მაქვს დეესკალაციის არანაირი განცდა, მოსკოვიდან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ სიტუაციის განმუხტვა სურთ, პირიქით. ვფიქრობ, 90 %-ია იმის ალბათობა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის ახალი თავდასხმა ამ თვის ბოლომდე განახორციელოს", - განაცხადა ჰოჯესმა.
გენერალი ჰოჯესი, ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, რომ თავდასხმა რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად დაიწყოს. ჯარის უკრაინის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ახლა უკვე ჩრდილოეთით მობილიზება, მისი აზრით სწორედ ამ მიზანს ემსახურება. "შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ბელარუსიდან შეიძლება მცირე მასშტაბის თავდასხმა მოხდეს, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამ ჯარის მიზანი ის არის, რომ უკრაინა კიდევ ერთ დამატებით საკითხზე დააფიქროს".
ამ ფონზე, ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთთან დიპლომატია უნდა გაგრძელდეს დეესკალაციის მისაღწევად, მაგრამ ეს პრინციპული საკითხების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
"დიპლომატებისთვის ძალიან გონივრულია მოლაპარაკებების ამ მიმართულებით წარმოება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, თუ სამომავლო მიზნების ხარჯზე, ან ნატოს ძირითადი პრინციპების დათმობის ხარჯზე. ისტორიიდან კარგად ვიცით, რომ ამით შედეგს ვერ მივაღწევთ. დათმობებზე წასვლით, კრემლს მხოლოდ დამატებით მადას აღვუძრავთ. 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, 2014 წელს უკრაინაში. რუსეთი მხოლოდ აძლიერებს აგრესიას და უკან არ იხევს. ამიტომ ჩვენი მხრიდან მიამიტური იქნება იმის ფიქრი, რომ რუსეთთან დათმობაზე წასვლა ღირს. უნდა ვთქვა, რომ კონფლიქტის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არ უნდა იყოს", - უთხრა ჰოჯესმა "ამერიკის ხმას".