ამერიკულმა კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა ახალი სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ასახულია უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის დამატებითი ძალების განლაგება.
კომპანიამ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა რუსული ჯარების გადაადგილებას თვალს ადევნებს, განაცხადა, რომ ფოტოები 9 და 10 თებერვალს გადაიღეს.
კომპანიის განცხადებით, ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის ჩრდილოეთით, ოქტოაბრსკოეს აეროდრომთან აღმოაჩინა ჯარებისა და ტექნიკის გადაადგილება, ასევე დააფიქსირა 550 კარავი და ასობით სატრანსპორტო საშუალება.
დამატებითი ჯარები და ტექნიკა ასევე ჩავიდა ანექსირებული ყირიმის ნოვოზერნოეს რაიონში.
კომპანიამ გადაადგილება დააფიქსირა ბელარუსში, ზიაბროვკის აეროდრომზე, გომელის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 25 კმ-ში მდებარეობს.
კომპანიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კურსკის ოლქში პოლიგონზე ცოტა ხნის წინ ჩავიდა ჯარის მსხვილი დანაყოფი.
უკრაინის სიახლოვეს დამატებით ძალების კონცენტრირების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება. მისი თქმით, რუსეთი განაგრძობს ჯარების თავმოყრას და შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიჭრას უკრაინაში.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პუტინმა პეკინის ოლიმპიადის მიმდინარეობისას განიზრახოს უკრანაში სამხედრო ინტერვენცია.
რუსული ძალების დამატებით თავმოყრაზე ისაუბრა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლგენბერგმაც. მისი განცხადებით, რუსეთი განაგრძობს თავის სამხედრო ძალების გაძლიერებას უკრაინის გარშემო. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ ვითარების გათვალისწინებით, იზრდება ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის რისკი.
ამავდროულად, ნორვეგიის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ყოველმხრივ მზად არის.
დაძაბული ვითარების ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. ანალოგიური შინაარსის განცხადებები გააკეთეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, ლატვიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა.