მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი წარადგინა. ამ პოსტზე მან ნათია თურნავა შეცვალა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ნათია თურნავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურნავა გუნდში რჩება.
„მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ განვახორციელეთ ცვლილებები და ამის თაობაზე მინდა, საზოგადოებას ვაცნობო. ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა ლევან დავითაშვილი. დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა კარგად იცნობს მის საქმიანობას. ლევანი იყო წარმატებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ბოლო ხუთი წელი მან ერთგულად ემსახურა სამინისტროს, ქვეყანას, თავის საქმეს და ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ამ სამინისტროში. ლევანი დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად. იგი განათლებით არის ეკონომისტი, კარგი განათლება, ცოდნა აქვს დაგროვილი. მჯერა, რომ იქნება წარმატებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ის არის ვიცე-პრემიერი და შეუნარჩუნდება ეს თანამდებობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დავითაშვილი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ლევან დავითაშვილს შეუნარჩუნდება ვიცე-პრემიერის თანამდებობა.