რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, დაკარგული კონტაქტების აღდგენა მარტივი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელი.
"ეს არ იქნება ადვილი პროცესი. არავის აქვს ილუზია, რომ დაკარგული კავშირები ერთ დღეში აღდგება. ძალიან რთული სამუშაო გვექნება ამ მხრივ, მაგრამ მთავარია, რომ კავშირები აღდგენადია და არა შეუძლებელი. სირთულემ არ უნდა შეგვაშინოს", - განაცხადა ამ პოსტზე ორი დღის წინ დანიშნულმა მინისტრმა "ქრონიკასთან" საუბარში.
რაც შეეხება უშუალოდ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნას, ტყეშელაშვილის შეფასებით, ეს მისთვის "ძალიან დიდი გამოწვევა" და "პასუხისმგებლობაა".
"ეს ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. მას სირთულის მიხედვით, გარკვეულწილად 2008 წლის ინტერვენციის დროს შევადარებდი, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. დღეს ოკუპაციის თემა ყველაზე დიდი საფიქრალი და სატკივარია, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკის განვითარება-ფორმირება და მისი განხორციელებისთვის ერთიანი კოორდინირებული მუშაობა დიდი პასუხისმგებლობის მატარებელია. ასე ვუყურებ ახალ თანამდებობას", - განმარტა ტყეშელაშვილმა.
ახლად დანიშნულმა მინისტრმა პრიორიტეტებზედაც ისაუბრა და დასძინა, რომ ამ მხრივ პირველი ადგილი კვლავ ოკუპაციის ხაზს მიღმა მყოფი მოქალაქეების დანარჩენ საქართველოსთან ინტეგრაციას უჭირავს.
"ჩვენი თანამოქალაქეების რეინტეგრაცია, ანუ ჩვენს საზოგადოებაში ინტეგრაცია მათი, ვინც ოკუპაციის ხაზს მიღმა იმყოფება, არის არა მარტო პრიორიტეტი, არამედ ფუძემდებლური ნაბიჯი საიმისოდ, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს", - განაცხადა მან.