ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპის კავშირმა მოამზადა "მკაცრი და ყოვლისმომცველი" სანქციების პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. აღნიშნულის თაობაზე Reuters-ი იტყობინება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციები ამოქმედდება რუსეთის მიერ უკრაინაში ხელახალი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.
"ჩვენ მოვამზადეთ მკაცრი და ყოვლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციების პაკეტი", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის მოიცავს შეზღუდვებს უცხოურ კაპიტალსა და ექსპორტის კონტროლს.
პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მილსადენის ექსპლუატაციაში შესვლა დამოკიდებულები იქნება "რუსეთის ქმედებებზე".
"სანქციებმა შეიძლება სერიოზულად დააზარალოს პუტინის ახლო გარემოცვა და ოლიგარქები", - დასძინა მან.
მანამდე, არაოფიციალური წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მიმდინარე კვირაში ევროკომისია დაასრულებდა მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პოტენციური სანქციების პაკეტზე.
24 იანვარს გამართულ სხდომაზე ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ რუსეთის ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მასშტაბური შედეგები და მაღალი ფასი ექნება.
1-ელ თებერვალს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადეს.