ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში საპასუხო ზომებთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ონლაინ ფორმატში შეუერთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. როგორც მანამდე იუწყებოდნენ, ევროკავშირის დიპლომატებს უკრაინიდან აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაციის თაობაზე მეტი ინფორმაციის მიღება სურდათ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი რანგის დიპლომატების შეხვედრა ნატოს ახალი გადაწყვეტილების ფონზე წარიმართა, რომლის თანახმადაც ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის საბჭომ გაავრცელა ერთობლივი კომუნიკე, სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განგრძობადი აგრესია და მუქარა.
"ევროკავშირის საბჭო ასევე მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში დიალოგში კონსტრუქციული მონაწილეობისკენ", - ნათქვამია დოკუმენტში.
"21-ე საუკუნეში "გავლენის სფეროების" იდეები უადგილოა", - აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ ევროპის უსაფრთხოება განუყოფელია.
"ნებისმიერი გამოწვევა, რომელის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგი, გავლენას ახდენს ევროკავშირისა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები დასძენენ, რომ ევროპული უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე დაფუძნებული დიალოგი არის გზა უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებისა და კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტირებისთვის.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში განმარტებულია, თუ რა პრინციპები უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების გარანტირებისთვის.
"სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, საზღვრების ხელშეუხებლობა, ძალის გამოყენებაზე უარის თქმა და სახელმწიფოთა თავისუფლება, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების მექანიზმები", - ხაზგასმულია დოკუმენტში.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ეს პრინციპები არ ექვემდებარება გადახედვას ან ახლებურად ინტერპრეტაციას.
"რუსეთის მიერ ამ პრინციპების დარღვევა საფრთხეს უქადის მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს კონტინენტზე", - ნათქვამია კომუნიკეში.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ევროკავშირის დეკემბრის სამიტზე გაჟღერებული პოზიცია, რომ უკრინაში რუსეთის შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები და მაღალი საფასური მოჰყვება.
"ეს მოიცავს სექტორული და პერსონალური შემზღუდველი ღონისძიებების ფართო სპექტრს, რომლებიც შემოღებული იქნება პარტნიორებთან კოორდინაციით", - აღნიშნავენ მინისტრები და დასძენენ, რომ "ევროკავშირმა დააჩქარა მოსამზადებელი სამუშაოები ამ მიმართულებით".
ამავე დროს, ევროკავშირის წევრები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ დიალოგის მზაობას და მოუწოდებენ რუსეთს, ამ დიალოგში კონსტრუქციული მონაწილეობისკენ.