ევროკავშირი ვერ ხედავს მიზეზს უკრაინიდან დიპლომატების ან მათი ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა", საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელზე დაყრდნობით იუწყება.
"ჩვენ არ ვგეგმავთ გავაკეთოთ იგივე, რაც შეერთებულმა შტატებმა, რადგან ვერ ვხედავთ ამისთვის რაიმე კონკრეტულ მიზეზს. სანამ მოლაპარაკებები გრძელდება, არ ვფიქრობ, რომ გვაქვს მიზეზი, რომ დავტოვოთ უკრაინა", - თქვა ბორელმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება ვიდეოკონფერენცია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, რათა შეიტყონ უფრო მეტი უკრაინიდან ამერიკელი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე ვაშინგტონის გადაწყვეტილების შესახებ.
"შესაძლოა, მას ჰქონდეს დამატებით ინფორმაცია", - დასძინა ბორელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო აგრესიის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა უკრაინა უნდა დატოვონ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ნაადრევი უწოდა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების სიტუაციის თვალსაზრისით ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.
მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ კიევიდან საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის გაყვანა ბრიტანეთმაც დაიწყო.