შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა სანქციების პაკეტი რუსეთის ელიტისა და მათი ოჯახების წევრთა წინააღმდეგ, რომელიც ამოქმედდება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ შევიმუშავეთ სანქციების პაკეტი როგორც რუსეთის ელიტებისთვის, ასევე მათი ოჯახების წევრებისთვის, თუ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს", - თქვა ფსაკიმ.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, ვაშინგტონმა სანქციების პაკეტი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშავა.
ფსაკის განცხადებით, სანქციები მიემართება მათკენ, რომლებიც არიან კრემლის უახლოესი გარემოცვიდან ან მათთან დაახლოებული პირები და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან უშუალოდ მონაწილეობენ კრემლის დესტრუქციულ ქმედებებში.
პრესმდივნის განცხადებით, სანქციათა პაკეტში შემავალი პირების უმეტესობისთვის ეს ზომები განსაკუთრებულად მტკივნეული იქნება, რადგან მათ დასავლეთთან მჭიდრო ფინანსური კავშირები აქვთ.
ორშაბათს Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ დაასრულა მუშაობა იმ ადამიანების სიაზე, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები დაწესდება უკრაინაში რუსეთის მორიგი შეჭრის შემთხვევაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სენატი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის შეთანხმებასთან ახლოსაა.
უახლოეს დღეებში, კრემლთან დაახლოებული პირებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციათა პაკეტის წარდგენას გეგმავს გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.