აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების განლაგების შესახებ არის ნატოსადმი ვაშინგტონის ლოიალობის დემონსტრირება, ნაბიჯი, რომელიც მისასალმებელია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, აშშ-ის ეს ნაბიჯი ერთგულებისა და პასუხისმგებლობის მკაფიო და მძლავრ სიგნალს აგზავნის.
"ძალების განლაგება თავდაცვითი და პროპორციული ნაბიჯია და მკაფიო სიგნალს აგზავნის, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს ალიანსის ყველა მოკავშირის დასაცავად", - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.
მანამდე, შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების თაობაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს განცხადებით, "ვაშინგტონის გადაწყვეტილება არის დესტრუქციული ნაბიჯი, რომელიც ზრდის სამხედრო დაძაბულობას".
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები, ევროპაში არსებული ვითარებისა და რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, დამატებით ძალებს განალაგებს გერმანიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.
პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, უახლოეს დღეებში გერმანიაში დისლოცირებული ათასი სამხედრო რუმინეთში გადაინაცვლებს და შეუერთდება რუმინეთში მყოფ 900 ამერიკელ ჯარისკაცს. გარდა ამისა, აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში კიდევ 2000 ჯარისკაცის გადაყვანა მოხდება.