შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ტელეარხი CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჯარების გადასროლა უახლოეს დღეებში მოხდება.
CNN-ის თანახმად, 2 ათასი ამერიკელი სამხედრო განლაგდება პოლონეთში, კიდევ ათასი სამხედრო ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე, რუმინეთში განთავსდება.
ამასთან, გაზეთი The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ რუმინეთში 1 000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება არა აშშ-დან, არამედ გერმანიიდან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონმა 8500 ამერიკელი სამხედრო "მაღალ მზადყოფნაში" მოიყვანა, იმ შემთხვევისთვის, თუ მათი გაგზავნა აღმოსავლეთ ევროპაში გახდება საჭირო.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვარზე 120 000-მდე ჯარისკაცი განათავსა. მოსკოვი უარყოფს ახალი შეჭრისთვის მზადებას და ევროპელებსა და ამერიკელებს უკრაინის შეიარაღებასა და რუსეთის საზღვრებთან მანევრების ჩატარებაში ადანაშაულებს.
დასავლეთი მოსკოვს უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს და რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში ფართომასშტაბიანი სანქციებით იმუქრება.