აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მზადყოფნაში მოიყვანა 8 500 სამხედრო იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში მათი გაგზავნა საჭირო გახდება, - ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
„პენტაგონის ხელმძღვანელმა ოსტინმა გადაწყვიტა აშშ-ში ქვედანაყოფების მზადყოფნაში მოყვანა იმ შემთხვევაში, თუ მათი გაგზავნა [ევროპაში] საჭირო გახდება“, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
კირბიმ განმარტა, რომ საუბარია, 8 500-მდე სამხედროზე. პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროპაში ამ ძალების გადასროლის გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სამხედრო სარდლობამ მხოლოდ გადაწყვიტა მათი მზადყოფნის გაზრდა, რათა სამხედროებმა თუ კი ეს საჭირო გახდება, ევროპაში სწრაფად გამგზავრება შეძლონ.
მისი თქმით, ევროპაში ძალების გაგზავნა შესაძლებელი იქნება ნატო-ს მოთხოვნის შესაბამისად, „ან სხვა სიტუაციებში“.
პენტაგონის წარმომადგენლის განმარტებით, საუბარია, როგორც საბრძოლო ქვედანაყოფებზე, ისე სამხედრო მედპერსონალსა და ქვედანაყოფებზე, რომლებიც პასუხს აგებენ ტრანსპორტზე.
კირბის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია იმ პირობებში, როდესაც ვაშინგტონი ვერ ხედავს უკრაინაში რუსეთის მხრიდან დეესკალაციის ნიშნებს. კირბიმ აღნიშნა, რომ სამხედროების მზადყოფნაში მოყვანა დროში შეზღუდული არ არის, ვინაიდან გაურკვეველია, როდის იქნება საჭირო ევროპაში სამხედროების გადასროლა. ამასთან, მისივე თქმით, მსგავსი ზომები არ ნიშნავს, რომ აშშ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას შეწყვეტს.
„გადასროლის [სამხედროების] გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ჩვენ არ ვამბობთ, რომ დიპლომატია მკვდარია“, - დასძინა კირბიმ.